06 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"მოვითხოვეთ მაგისტრანტ მოსამართლესთან გამოკითხვა, რომელიც უფრო ფართო შესაძლებლობებით არის გამორჩეული - მეტი სანდოობა გვაქვს ამ პროცესის მიმართ" - ირაკლი კუპრაძე

ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, თუმცა პროკურატურაში მისვლაზე ისევ უარს აცხადებს. ამჯერად, საგამოძიებო უწყებამ - მამუკა ხაზარაძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა ისინი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ.

კოალიცია "ძლიერი საქართველო" წევრი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურის მიმართ ნდობა არ აქვთ.

"გენერალურმა პროკურატურამ დაიბარა მამუკა ხაზარაძე გაყალბების მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. თუმცა, ჩვენ არ ვენდობით საქართველოს პროკურატურას, რომელიც "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია. შესაბამისად, მოვითხოვეთ მაგისტრანტ მოსამართლესთან გამოკითხვა, რომელიც უფრო ფართო შესაძლებლობებით არის გამორჩეული და მეტი სანდოობა გაგვაჩნია ამ პროცესის მიმართ," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

პროკურატურაში დაბარებული იყო პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილიც, რომელიც დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. როგორც პარტიაში ამბობენ, მეზვრიშვილი გამოკითხვაზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარადგენს.

"ნათია მეზვრიშვილი იქნება მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარდგენილი და რამდენადაც მათ უჭირთ მტკიცებულებების ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საჯაროა, მზად ვართ, მივეხმაროთ მაგისტრი მოსამართლის წინაშე პროკურატურას. მაგრამ, ფაქტი ის არის, რომ პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და არის პოლიტიკური ნების შემსრულებელი," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.

 

დღის ამბები