26 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ცესკო-მ საია-ს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და "ძლიერი საქართველოს" საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცესკო-მ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები განიხილა. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა," "ძლიერი საქართველო" და საია - შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ. ამბობენ, რომ არჩევნები უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ცესკო-ს კომისიამ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის," "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა.

გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა. საპასუხოდ, ცესკო-ში სხდომის დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" გიორგი სიორაძემ განაცხადა, რომ ცესკოში "შეეცადნენ, დეკორაციული პროცესი შეექმნათ."

"არანაირი ნდობა არ შეიძლება ჰქონდეს იმ პროცესს, რომელიც წარიმართა ცესკოში. ყველა იმ პირებმა, ვინც გადაწყვეტილება მიიღეს და მხარი დაუჭირეს საჩივრების არ დაკმაყოფილებას, ძალიან ზუსტად იცოდნენ რასაც აპირებდნენ და შეეცადნენ, რომ ამით რაღაც დეკორაციული პროცესი შეექმნათ. ერთადერთი შესაძლო შედეგი შეიძლება იყოს ლეგიტიმაციის არქონა არჩევნებისთვის და ხელახალი არჩევნების დანიშვნა," - აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" გიორგი სიორაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმაც.

"დადგინდა ის, რომ არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად და საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ თავის მხრივ იმ კანონმდებლობით არსებულ რეგულაციებს, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეადგინეს და შეაჯამეს მათ შესაბამისი შედეგები," - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

 

 

ავტორი: სიმონ შანავა

 

 

 

დღის ამბები