05 ივლისი 2026,   11:34
ვრცლად
ასადების 50-წლიანი სისხლიანი რეჟიმი დასრულებულია - სირიის დიქტატორი გაიქცა და თავი მოსკოვს შეაფარა

ასადების 50-წლიანი სისხლიანი რეჟიმი დასრულებულია, სირიის დიქტატორი გაიქცა და თავი მოსკოვს შეაფარა, ბასარ ასადს პოლიტიკური თავშესაფარი მხოლოდ ვლადიმერ პუტინმა - მისმა უკანასკნელმა მოკავშირემ მისცა. რუსეთის საგარეო უწყების გვერდზევე გამოქვეყნდა მისი განცხადება გადადგომის შესახებ. ორი დღით ადრე კი მოსკოვი ასადის მოწინააღმდეგეებს განადგურებით ემუქრებოდა, რუსული არმიის ნაწილებს აქტიურად რთავდა საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ როგორც კი დამასკოში ამბოხებულები შევიდნენ, კრემლმა "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის" ისლამისტურ დაჯგუფებას ოპოზიცია უწოდა და მათ დიალოგი შესთავაზა.

რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში უკანასკნელი დასაყრდენი პუნქტი დაკარგა, მოსკოვს სირიიდან, მათ შორის ტარტუსის პორტიდან, სასწრაფო წესით გაჰყავს საზღვაო ძალები, რომლებიც იქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იმყოფებოდნენ. ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის გამო, რუსეთმა ხმელთაშუა ზღვაში ერთადერთი პორტი დაკარგა, ირანმა კი - ერთგული მოკავშირე, რომელიც ისრაელზე თავდასხმებში ეხმარებოდა. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მედიასთან არ დამალა: პუტინს იმდენად გაუჭირდა უკრაინაში, რომ ასადის რეჟიმის დასაცავად ძალა აღარ ეყო.

კრემლმა ბაშარ ალ ასადსა და მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. დამასკოს მოსახლეობა და აჯანყებულები რეჟიმის დამხობას სახალხო დღესასწაულით შეხვდნენ. ამბოხებულებმა ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში სამთავრობო შენობები დაიკავეს. მოსახლეობას, ასადის საგვარეულო სასახლიდან ძვირფასეულობა გამოაქვს.

დარბეულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურისა და თავდაცვის სამინისტროები, ასევე - ირანის საელჩო. გადამწვარია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობა. მეამბოხეებმა გახსნეს ციხეებიც, საიდანაც პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლეს.

გარდამავალი მთავრობის ფორმირებამდე, მეამბოხეებმა დამასკოში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, რომელიც ღამე იმოქმედებს და, მათი აზრით, ქვეყანაში სიმშვიდეს უზრუნველყოფს. სირიის ე.წ. ოპოზიციური და რევოლუციური ძალების კოალიციის განცხადებით, მიმდინარეობს ქვეყნის ხელმძღვანელი ორგანოს ფორმირება, რომელიც მთავრობის ფორმირებამდე იმუშავებს.

ვიდრე აჯანყებულები სირიის ქალაქებსა და დასახლებებს იღებენ, ისრაელის არმიამ სასაზღვრო ბუფერულ ზონაში ჰერმონის მთის სირიის ტერიტორია დაიკავა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ტერიტორიის დაკავების ოპერაციაში ისრაელის საჰაერო ძალების ელიტური "შალდაგის" ქვედანაყოფი მონაწილეობდა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ასადის რეჟიმის დამხობა არის "ჰეზბოლას" და ირანის წინააღმდეგ ისრაელის ძალისმიერი მოქმედების პირდაპირი შედეგი.

ისრაელთან ერთად, სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" 75 სამხედრო ობიექტზე ავიაიერიშები შეერთებული შტატების ავიაციამ მიიტანა. ამერიკის სარდლობაში იერიშების მიზანი განმარტეს თქვეს, რომ ეს სირიაში ხელისუფლების გარდამავალ პერიოდში ტერორისტული დაჯგუფებების გაძლიერების პრევენციას ემსახურება.

სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც ნიშნავს, რომ ისინი ან მოკლეს, ან ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ.

სირიაში, ომამდე, მოსახლეობის რაოდენობა 16,5 მილიონი იყო. 6,5 მილიონზე მეტი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გაქცეული.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები