პროტესტის მეთორმეტე ღამე მთავარ გამზირზე დასრულებულია. აქციის მონაწილეებმა დაშლა ღამის 2 საათიდან დაიწყეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე გამოჩნდა დასუფთავების სამსახური და მალევე აღდგა სამანქანო მოძრაობა.
წინა რამდენიმე ღამის მსგავსად, პროტესტი რუსთაველის გამზირზე გასულ ღამესაც მშვიდობიანი იყო, წყლის ჭავლის მანქანები მობილიზებული იყო მხოლოდ თავისუფლების გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ კი სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.
სპეციალური ღონისძიებების საჭიროება ღამით არ ყოფილა. აქციის მონაწილეები ძირითადად თავს იყრიდნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ. პროტესტს ტრადიციულად რკინის ჯებირებზე ბრახუნით გამოხატავდნენ. იყო პიროტექნიკის აფეთქების ერთეული შემთხვევებიც. მცირე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს შორის.