22 დეკემბერი 2024,   08:07
ვრცლად
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რეგისტრაციის დროებით შეჩერებას დიპლომების აღიარებაზე გავლენა არ ექნება - EQAR-ის გადაწყვეტილება გასაჩივრდება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, რეგისტრაციის შეჩერებაზე საუბრობს. საკანონმდებლო ორგანოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება რეესტრმა 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო, ხარვეზები კი, რაც მაშინ კანონმდებლობაში არსებობდა, დღეს უკვე გასწორებულია და რეკომენდაციებიც შესრულებულია. დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ ქართული დიპლომების აღიარებაზე, გრანტების მოპოვებასა და გაცვლით პროგრამებზე, EQAR-ის შეფასებას გავლენა ვერ ექნება.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უახლოეს მომავალში გეგმავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ამბობენ, რომ, თუ სააპელაციო კომიტეტი მათ არგუმენტებს არ გაითვალისწინებს, ორგანიზაციის მხრიდან განახლებული შეფასების გაკეთებას მოითხოვენ.

"საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის" რეგისტრაციის გაუქმებას განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს უკავშირებენ ოპოზიციაში.

ორგანიზაციის წევრობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, შალვა პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ რეგისტრაციის შეჩერებას, დიპლომების აღიარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ, მათი ოპონენტები მცდელობის მიუხედავად, ამ საკითხით სპეკულირებას ვერ მოახერხებენ.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 20-დღიანი ვადა აქვს, სააპელაციო კომიტეტმა კი საჩივარი 60 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

დღის ამბები