07 თებერვალი 2025,   12:47
ვრცლად
ძამას ხეობაში ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე ნათლისღებაა - მუხილეთის მონასტერში მცხოვრები ერთადერთი ბერი წყლის კურთხევას გვიან ღამით იწყებს, გამთენიისას კი მომლოცველებთან ერთად ცივ წყალში შედის

ძამას ხეობა - ადგილი, რომელსაც ქართულ იერუსალიმსაც უწოდებენ. ათობით მოქმედ დედათა და მამათა მონასტერში, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებშია აგებული, მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე წირვა-ლოცვა აღევლინება. ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე ნათლისღებაა.

აქ საკმაოდ ხშირი იყო მტრის შემოსევა, ამიტომ ძველი მონასტრების ნაწილი რთულად მისადგომ ადგილებშია აგებული, ხეობის საზღვართან მდებარე მონასტრების სიახლოვეს კი საგუშაგო კოშკები იყო ჩადგმული. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მუხილეთის მამათა მონასტერი.

მუხილეთის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობს, მამა ანდრია. ამ უძველესი ტაძრის წინამძღვრობასთან ერთად ითავსებს ფერმერობასაც. ეს მისთვის ერთგვარი განტვირთვაცაა.

ნათლისღების ღამისთვის მზადებას ბერი დილიდანვე იწყებს. პირველ რიგში, მოაქვს წყაროს წყალი, რომლის კურთხევის რიტუალიც ღამე უნდა ჩაატაროს.

მამა ანდრიამ იცის, რომ საღამოს მასთან ბევრი სტუმარი მივა. დიდი თოვლის გამო გადაადგილება ზოგს უჭირს, ამიტომ ხშირად ხალხს მანქანით თავად ხვდება.

წირვა-ლოცვა ღამე, 12 საათზე იწყება და რამდენიმე საათს გრძელდება. ამის შემდეგ კი მონასტრის წინამძღვარი წყაროდან მოტანილ წყალს აკურთხებს.

ყველაზე მთავარი სწორედ ამის შემდეგ იწყება. ეს არის მდინარეში შესვლა, რასაც ცივ ზამთარში ბევრი ვერ ბედავს.

მდინარეში პირველი მამა ანდრია შედის. ამის შემდეგ წყალში შესვლას უკვე მომლოცველებიც იწყებენ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, დაშვებულია ცოტა სასმლის დალევაც. როდესაც ტემპერატურა მინუსზე ჩადის, შეიძლება ითქვას, ეს სასურველიცაა.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები