21 მარტი 2025,   10:29
ვრცლად
30 წელი სცენაზე - თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ხვალ ქართველი კომპოზიტორის ლილიკო ნემსაძის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს

90-იანი წლები მუსიკის ისტორიაში გარდამტეხი იყო - სწორედ ამ პერიოდში ახალგაზრდა კომპოზიტორი - ლილიკო ნემსაძე გამოჩნდა, რომელმაც ყველა დროის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა.

ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული სიმღერები დღემდე საპატიო ადგილს იკავებს მელომანების არქივში.

შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით "ჩუმად ნათქვამი" კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

30 წლის შემდეგ, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ის ჰიტები გაჟღერდება, რომლებიც ქართული სასიმღერო ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია და თაობების გემოვნებას ათწლეულების შემდეგაც ექვემდებარება.

რეპერტუარი ოცდასამი მუსიკალური ნომრისგან შედგება და კონცერტში ის შემსრულებლები მონაწილეობენ, რომლებმაც ლილიკოს სიმღერები ჰიტად აქციეს.

მსმენელი ძველი მელოდიების ახალ ვერსიებსაც მოისმენს.

შემოქმედებით საღამოზე "ქართული ხმები", "თეატრალურის კვარტეტი", "ფორტე" და ვაჟთა ვოკალური ანსამბლები იმღერებენ.

კამერული ორკესტრი კი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით იქნება წარმოდგენილი.

ლილიკო ნემსაძის შემოქმედებამ ქართველი მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, დღემდე მისი ნაწარმოებები დიდი რეიტინგით სარგებლობს მუსიკალურ ჩარტებსა და რადიო სადგურების ეთერში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომპოზიტორის თვითმყოფადმა ხელწერამ დროს გაუძლო.

ავტორი:ნინი ნაცვლიშვილი.

დღის ამბები