ბათუმში მომხდარი შემზარავი ამბის მსხვერპლი 4 და 7 წლის ბავშვები გახდნენ - ანდრეა და ლევანი, რომლებიც ბათუმში, ხალვაშის ქუჩის 188 ნომრის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. დაღუპული მცირეწლოვნების მეზობლები ჰყვებიან, რომ ბავშვები ეზოში სათამაშოდ გავიდნენ, მათი კვალი კი დღის 4 საათიდან გაქრა. მეზობლებმა ძებნა დაიწყეს და ბავშვები თხრილში დაგუბებულ წყალში იპოვეს.
უბედური შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე მუშაობდნენ სამართალდამცველები. გარდაცვლილი ბავშვები საკუთარ სახლებში ღამით გადაასვენეს. დაღუპულების ოჯახებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამძიმარი გვიან ღამითვე გამოუცხადეს.
ტრაგედიას ეხმაურება სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი უსაფრთხოების წესების გამკაცრებაზე მიუთითებს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ტრაგიკულ შემთხვევაზე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ტრაგედიით პოლიტიკური ქულების ჩაწერის დაუშვებლობაზე საუბრობს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა ოჯახებს გვერდით დგომა სჭირდება და არა ისედაც უდიდესი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით დამძიმება.
უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 2 მცირეწლოვნის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახებს მთავრობის სახელით უსამძიმრებს. სამძიმრის წერილებს ავრცელებენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, გავრცელდა ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის წერილი.
"მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას".
ტრაგედიის საქმეზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო მუხლი სასჯელის მაქსიმალურ ზომად, 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.