აჭარაში საგანგებო რეჟიმში გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, პროცესში ჩართულია, როგორც ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა. იწმინდება გზები, სახურავები, 10-მდე ოჯახი გადაიყვანეს ქირით.
"გამოწვევები და პრობლემები რჩება გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მიმართულებით, ხორციელდებოდა ყოველდღიურ რეჟიმში ამ ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა თოვლის სახით, ყოველდღიურად ემატება ამ ქუჩებს თოვლის საფარი და კვლავ მობრუნება უწევს მუნიციპალიტეტის ტექნიკას და შესაბამის სამსახურებს იგივე ქუჩების გაწმენდითი სამუშაოებისთვის. ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს გარკვეულწილად აფერხებს ტრანსპორტის გადაადგილება და საპარკინგე ადგილას გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებები, იქ, სადაც ქუჩები არის ვიწრო.
იყო გარკვეული პრობლემები გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით მცირე ნაწილში, თუმცა, დღეის მდგომარეობით, სრულად მიეწოდება მოსახლეობას, როგორც გაზი, ასევე, ელექტროენერგია," - განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა, ნუკრი დეკანაძემ.