11 აგვისტო 2026,   10:46
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის საქმეებზე ზეპირი მოსმენა გაიმართა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის საქმეებზე ზეპირი მოსმენა გაიმართა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ.

გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე თვეში გახდება. დაზარალებულების უფლებებს სასამართლოს წინაშე საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის იურისტები იცავენ. დიდ პალატაში გასაჩივრებამდე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას.

საია-ს ინფორმაციით, ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში, ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით.

"სასამართლოს პატივცემულო წევრებო, ეს საქმე სასამართლოს მიერ გაერთიანებულ ხუთ განცხადებას ეხება, სამართალდამცავების მიერ 2019 წლის 20 ივნისს თბილისში დემონსტრაციის დაშლის დროს პროტესტის მონაწილეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის განურჩეველ და არაპროპორციულ გამოყენებას. მე განვიხილავ საქმის აქტუალობას საქართველოში მიმდინარე კონტექსტში, რადგან ეს საქმე ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს," - აცხადებს საია-ს საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, დავით ჯავახიშვილი.

სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილმაც.

"მოკლედ მოგახსენებთ ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, აქ დავეყრდნობი მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც უკვე დადგენილ იქნა პალატის მიერ. ივნისში დემონსტრაცია პარლამენტის შენობის წინ გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოს პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, გარდაუვალი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იქნებოდა.

დაფიქსირებული იყო დისკუსია, რომელშიც ჟღერდა ფრაზა "რევოლუცია ეს ესაა დაიწყება." საღამოს რამდენიმე ასეულმა პროტესტის მონაწილემ სცადა გაერღვია პარლამენტის კარი. პროტესტი მიმდინარეობდა პოლიციის მისამართით ბოთლებით, ქვებით, მეტალის საგნების სროლით. ასევე, პოლიციელების ცოცხალი ჯაჭვიდან პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი გაიტაცეს. 300-დან 1000 ადამიანი აგრესიულად მოქმედებდა. გაარღვიეს კორდონი. დემონსტრანტები პოლიციის თანამშრომლებს საგნებს ესროდნენ და ფიზიკურ ძალადობას იყენებდნენ," - აცხადებს ბექა ძამაშვილი.

დღის ამბები