26 აპრილი 2025,   19:25
ვრცლად
"ადამიანებს, რომლებსაც ხალხის მიერ ლეგიტიმაცია არ აქვს მინიჭებული, იგულისხმება, ე.წ. NGO-ბი, მათი მონაწილეობა სავალდებულო წესით გადაწყვეტილებების მიღებაში, არ უნდა იყოს სავალდებულო" - არჩილ გორდულაძე

პარლამენტი ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ იქნებიან ჩართული.

კანონის ამოქმედების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან.

ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

პარლამენტს ინიციატივით "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" ერთობლივად მიმართეს. პროექტის მიხედვით, ცვლილებები 14 სხვადასხვა კანონში შედის. ცვლილებებს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პროცესში იმ ადამიანების მონაწილეობა, რომლებსაც არ აქვთ ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია, არ უნდა იყოს სავალდებულო.

"გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოთ იმ ადამიანებსა და ორგანოებს, რომლებსაც აქვთ სახალხო ლეგიტიმაცია. სახალხო ლეგიტიმაცია გამოიხატება არჩევნების შედეგებში და შესაბამის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ლეგიტიმაციის მქონე ადამიანებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც ხალხის მიერ ლეგიტიმაცია არ აქვს მინიჭებული, იგულისხმება, ე.წ. NGO-ბი, მათი მონაწილეობა სავალდებულო წესით რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს სავალდებულო", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

დღის ამბები