"კურიერის" კამერა სტიქიის ეპიცენტრში - გურიის იმ სოფელში, სადაც თოვლი საფარი 2 მეტრზე მეტია. დასახლება 6 დღე გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო
"კურიერთან" ადგილობრივებმა, დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს. თქვეს რომ თავდაპირველად, სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძოდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ჩოჩხათში, სპეციალურმა ტექნიკამ მუშაობის დაწყება მხოლოდ დღეიდან შეძლო, მას შემდეგ რაც თოვა შეწყდა და ხილვადობა გაუმჯობესდა. ბოლო ინფორმაციით, სოფელში გზები უკვე გაწმენდილია, ახლა მხოლოდ ელექტროენერგიის და გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
გურიის მაღალმთიან სოფლებში დღეს ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანეს. სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს, საკვები, საჭირო მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. რეგიონში გაიგზავნა 1200 კუბური მეტრი შეშაც.
გურიის ყველა მუნიციპალიტეტში თოვა შეწყდა. სალიკვიდაციო სამუშაო არეალიც გაფართოვდა. ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა უკვე შესულია ისეთ ადგილებში, სადაც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდებოდა. კვლავ რჩება დასახლელები, სადაც თოვლის საფარი მაღალია და მოსახლეობა ვერ გადაადგილდება. ასეთ ადგილებში ადგილობრივებს საკვებს და მედიკამენტებს სპეციალური თოვლმავლებით აწვდიან.
სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, რომლითაც მოსახლეობას საკვებს და საჭირო ნივთებს მიაწვდიან.
შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს.
სალიკვიდაციო სამუშაოების არეალი გაფართოვდა იმერეთის რეგიონშიც, ცენტრალური გზები გაწმენდილია, თუმცა 45 სოფელი კვლავ გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. რეგიონში დაზარალებულებისთვის დღეს 40 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა. დახმარება ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა იმერეთის რეგიონში უკვე მეექვსე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მაშველების და ჯარისკაცების ერთი ჯგუფი ამ დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტშია მობილიზებული. სოფელ ხიდარში სამ მწყემსს ეძებენ. ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის ადგილსამყოფელი უკვე დადგენილია. მერაბ კოჩაძის სამძებრო ღონისძიება გრძელდება. ტერიტორიას დრონებით ამოწმებენ. თოვლის საფარი 3 მეტრზე მაღალია.
სალიკვიდაციო სამუშოები გრძელდება აჭარაში, ბოლო ინფორმაციით, ცენტრალური გზების გასუფთავება დასრულებულია, დაზიანებული სახლების გამო, თავშესაფარში ან ქირით გადაყვანილია 36 ოჯახი, ოფიციალური ინფორმაციით მუნიციპალური ტრანსპორტი ყველა მიმართულებით მუშაობს. აღდგენილია კავშირი გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან. ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკა შიდა გზებზე რჩება.
თოვა შეწყდა და სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია შიდა ქართლის რეგიონშიც. ცენტრალურ გზებზე შეზღუდვები მოხსნილია. სპე ტექნიკა მხოლოდ იმ გზებზე რჩება, სადაც გაწმენდილი გზები, ნამქერმა დაფარა.
სტიქიის ზონებში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მეექვსე დღეა "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები არიან ჩართულები. ოფიციალური ინფორმაციით შემცირებულია იმ აბონენტთა რაოდენობა, ვისაც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, თუმცა აღდგენითი სამუშაოები კონკრეტულ ადგილებში გრძელდება.