11 აგვისტო 2026,   02:12
ვრცლად
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასავლეთ საქართველოში გრძელდება - გზების გაწმენდასა და ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაში მაშველები, პოლიცია და სამხედროები არიან ჩართულები

ამინდი გაუმჯობესდა, თოვლმა დნობა დაიწყო და სტიქიის ზონებში, სალიკვიდაციო სამუშაოების არეალიც გაფართოვდა. ოზურგეთის ცენტრალურ გზებზე მძიმე ტექნიკა აღარ მუშაობს და ახალ მხოლოდ შიდა დასახლელები იწმინდება.

ოზურგეთის 70, ლანჩხუთის 54 და ჩოხატაურის 61 სოფელში სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. რჩება 10 სოფელი, რომელიც დიდთოვლობის გამო, კვლავ გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ვერ მუშაობს ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მოსახლეობას საკვებს და საჭირო მედიკამენტებს თოვლმავლებით, დრონებით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით აწვდიან.

გურიის მაღალმთიანის სოფელ სურებში, დღეს უკვე სპეც. ტექნიკა შევიდა. მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარებაც ჩაუტანეს. დასახლებაში 7 დღის განმავლობაში შესვლა ვერ ხერხდებოდა.

სოფელ სურებიდან მეხანძრე მაშველებმა ადგილობრივი მამაკაცი გამოიყვანეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. პაციენტი საავადმყოფოში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

მაშველები სამართალდამცველები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ცოცხალ ძალას დაზიანებული სახლებიდან ოჯახები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. დაზარალებულ მოსახლეობას ეტაპობრივად ურიგდებათ შეშა. ოფიციალური ინფორმაციით, გურიის 6 ლოკაციაზე სპეციალური შტაბები მუშაობს.

გამოიდარა აჭარის რეგიონშიც და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლების რაოდენობა შემცირდა. სალიკვიდაციო სამუშაოები, ძირითადად, ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში გრძელდება. სპეც. ტექნიკა სასოფლო გზებს წმენდს.

რეგიონში გრძელდება კომუნალური სერვისების აღდგენითი სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, ქობულეთში 500-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, 462-ს კი - ბუნებრივი აირი. 170 ოჯახს დაზიანებული აქვს საცხოვრებელი სახლი და ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

ცენტრალური გზები უკვე გაწმენდილია აჭარის რეგიონის დაბლობში, აღდგენილია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ყველა მიმართულებით. სტიქიის დაწყებიდან დღემდე, მოსახლეობისთვის მუშაობს ცხელი ხაზი.

მეშვიდე დღეა დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან იმერეთის რეგიონშიც. დღეს სპეც. ტექნიკამ მუშაობა რამდენიმე მაღალმთიან სოფელში უკვე დაიწყო, თუმცა 40-მდე სოფელი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

6 დღიანმა თოვამ სვანეთიც დააზარალა. რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშველები ლენტეხის მუნიციპალიტში იყვნენ მობილიზებულები. სოფელ ცანას ერთადერთ მოსახლესთან კავშირის რამდენიმე დღის განმავლობაში გაწყვეტილი იყო. მაშველებმა მისვლა მხოლოდ დღეს, 15 კილომეტრიანი გზის ფეხით გავლის შემდეგ შეძლეს.

თოვლის საფარი მაღალია თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია რაჭაში. სასოფლო და ცენტრალურ გზები გაწმენდილია. 68 სოფელში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია.

დღის ამბები