გურიაში, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საუბარი შეეხო გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლის საფარისგან უკვე სრულად გასუფთავებულია.
ამასთან, საუბარი შეეხო სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მარაგდება.
"ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ჩვენი მოქალაქეების საჭიროებაზე მყისიერ რეაგირებას. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დახმარება იქნება აღმოჩენილი ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზიანა. შესაბამისი და მყისიერი რეაგირება იქნება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის", - აცხადებს გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.
ბოლო მონაცემებით, სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა, წერტილოვან დაზიანებებზე კი აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.