
საზღვრის უკანონო კვეთისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე გამოტანილი განაჩენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის შეფარდებულ სასჯელებზე დღეს პირველად ისაუბრა. ექსპრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე "ვივამედიდან" ონლაინ ჩაერთო.
"თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის და ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის და უკრაინისთვის. განადგურება ვითომ სასამართლო წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ყველა ჩემი მომხრე დააშინონ და ამით ცდილობენ ასევე პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ იმასაც იგივე ბედი ელის, თუ უკრაინას არ ჩააბარებს. ერთადერთი რამ მინდა გითხრათ, ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ, სხვა გამოსავალი არ არის. მე თქვენთვის, მინდა ვუთხრა მტრებს, საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარი. იმიტომ რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებისთვის ბრძოლას და გამარჯვება და საქართველოს წარმატებას," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქალაქო სასამართლომ დღეს მას საზღვრის უკანონო კვეთისთვის 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. 4 წელს დაემატა 8 წლიანი სასჯელი, რომელიც სასამართლომ ექსპრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეუფარდა და საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა. შეფასებები კეთდება როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საქართველოში სააკაშვილის უკანონოდ შემოსვლის მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო, რომლის ინიციატორებიც ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია და უკრაინის ხელისუფლება იყო.
ავტორი: კესო ქაფიანიძე