სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის სასამართლო სხდომა გაიმართა. საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურორს ორი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი.
სახელმწიფო ბრალდების პოზიციით, საბა სხვიტარიძის ქმედების შედეგად, სამართალდამცველმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ მას თავი ჰქონდა გატეხილი. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
"მოწმემ არ დაადასტურა, რომ ვიდეოზე არსებული მოქალაქეების მიმართ განახორციელა შეტყობინება, რომ იყვნენ პოლიციელები. მოწმემ დაადასტურა, რომ ის იყო ოპერატიულ საქმიანობაზე და მას არ ეცვა ფორმა და სახეებო ჰქონდათ დაფარული. ეს მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არიან არა ობიექტურები, ფარავენ საკუთარი თანამშრომლის ჩადენილ დანაშაულს და მოტივირებულები არიან, რომ გამტყუნდეს საბა სხვიტარიძე," - აცხადებს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.