
ერ-რიადში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციები 12 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები განიხილეს. დღეს ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდება.
საუდის არაბეთში რჩება უკრაინის დელეგაცია - მედიის ცნობით, უკრაინელები ამერიკელ კოლეგებს შეხვდებიან.
მიმდინარე დიპლომატიური პროცესის შესახებ ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. ტემი ბრიუსმა უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოება უწოდა და დასძინა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან.
"რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოების შინაარსის განხილვა მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან ისე ახლოს, როგორც ახლა.
მოვუწოდებ ხალხს, ყურადღებით დააკვირდნენ თუ რას ვაკეთებთ აქ და რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს არ არის გასართობი სატელევიზიო შოუ, ეს არის ადამიანთა შრომა, რომელიც მიმართულია ისეთი შედეგის მიღწევისკენ, რომელსაც ყველა დაეთანხმება. მსოფლიოში არავის სურს ამ მდგომარეობის გაგრძელება. ერთადერთი, რაც მიზნამდე მიგვიყვანს, არის მიმდინარე მოლაპარაკებები, ტექნიკური განხილვები, რომლებიც საუდის არაბეთში იმართება, პრეზიდენტთა შორის დიალოგი, მანევრები, მოლაპარაკებები და დიპლომატიური ძალისხმევა, რასაც მშვიდობისკენ მივყავართ", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ტემი ბრიუსი.