
პოლიტიკური შეფასებების თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა. "ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.
ინიციირებულია კანონპროექტი, რომელიც მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. ფართოვდება კომისიის მანდატიც, რომელიც 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეისწავლის.
უმრავლესობა ამბობს, რომ მიზანი ქვეყნის გარედან მართული ძალებისგან დაცვაა, ამ ნაბიჯის გარეშე კი ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია ვერ გაჩნდება.
"4 რადიკალური პარტია წარმოადგენს "კოლექტიურ ნაცმოძრაობას". მათ ასე იქიდან გამომდინარე ვუწოდებთ, რომ მათ ერთიანი დღის წესრიგი აქვთ, ერთად აგზავნიან "დანოსებს" ბრიუსელში, რომ ევროკავშირმა ყველანაირ ურთიერთობა შეწყვიტოს ჩვენს სახელმწიფოსთან. ასეთი ტიპის მავნებლობა დღემდე გრძელდება ამ რადიკალური პარტიების მხრიდან. იყო რევოლუციის მცდელობები, მუდმივად საზოგადოების ტყუილში შეყვანა და ამით რაღაც საპროტესტო მუხტის გამოწვევა. იქ ქართულ კანონს უწოდებდნენ რუსულს, მოგვიწოდებდნენ, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა საბრძოლველად მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთთან. ბატონ გახარიას "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს რევოლუცია, ხოლო თუ 20 იანვრამდე ვერ მოესწრებოდა რევოლუცია, მაშინ შემდეგი ფაზა, რაც თამაშში უნდა შემოეყვანათ, ეს იყო ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პროკურატურის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები ამ ყველაფერს გაამყარებს. პარალელურად, იმუშავებს საგამოძიებო კომისია და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის იმის ალბათობას, რომ უფრო მეტი მტკიცებულება შეგროვდეს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.