
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებული "მეგობარი აქტს" ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მისი მთავარი მიზანია საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად ქართველ ხალხს არავის წახალისება არ სჭირდება.
"მეგობარი აქტი გვეუბნება, რა მიზანი აქვს ამერიკელ კანონმდებელს ორივე პალატაში - როგორც წარმომადგენელთა პალატაში კონგრესში, ისე სენატში, რომ დაეხმაროს ქართულ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, ჩვენი თავისუფლებისა. ხოლო 31 მარტის აქცია იქნება თუ სხვა ნებისმიერი, საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად ქართველ ხალხს არავის წახალისება არ გვჭირდება," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
"ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ "მეგობარი აქტი" არის საქართველოში დემოკრატიის და ეროვნული ინტერესების მხარდაჭერა.
"წინასწარ მოვლენებს ვერ დავასწრებ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა, აქტის მიმართ საგარეო კომიტეტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა, სენატორი შაჰინის მიერ გაკეთებული გუშინდელი განცხადება, რომ ეს არის მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიის და ეროვნული ინტერესების. ცხადია, როდესაც ქვეყანა უხვევს დემოკრატიიდან, ამერიკის შტატები, რომელიც დემოკრატიის ფლაგმანია ევროკავშირთან ერთად, ასეთ ფაქტებს ვერ დაუშვებს," - აცხადებს ლანა გალდავა.