
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას აფასებს, სადაც კომიტეტმა "მეგობარი" აქტი მიიღო. მისი თქმით, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მას "მეგობარ აქტს" ვერ უწოდებს.
"მეგობარი აქტი ცოტა ღიმილისმომგვრელია, მისი შინაარსიდან გამომდინარე. ასევე ღიმილისმომგვრელია იმ ინიციატორების მხრიდან, იმ სახელი და გვარების მხრიდან, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა კანონპროექტებთან ერთად პირველი მოსმენით ასე ვთქვათ, გააპარეს, პირდაპირ ვიტყოდი. არა მხოლოდ ეს ე.წ. მეგობარი აქტი, რეალურად კი მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ გარკვეული ლობისტური ჯგუფების მხრიდან. რა თქმა უნდა, მაშველი რგოლი ამ განულებული ოპოზიციისთვის, საკენკი კვირიდან კვირამდე, საწვავი დაგეგმილი მარშისთვის. პროცედურას რომ გავყვეთ, პროცედურულად როგორი გაპარებულიც არის ეს ყველაფერი და რაღაც ქულაა დაწერილი ლობისტების მხრიდან, დიდი პროცედურა აქვს წინ, საშუალოდ ნახევარწლიანი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კარგად ვხედავთ, ტრამპის ადმინისტრაცია დღეს რა პროცესებშია ჩართული. ამ პროცესებში ასეთი ლობისტური ჯგუფიდან ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება, ვფიქრობ, დიდს არაფერს ნიშნავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა თუნდაც იმ ლობისტური ჯგუფების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ამას სათანადო პასუხის მოჰყვება და სჭირდება," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.