
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
"შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
საუბარი ასევე შეეხო სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებს, მათ შორის იმ მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც საერთო ინტერესებზე დაყრდნობით ხორციელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და გააფართოებს სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მასიმილიანო დ’ანტუონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.