
This is a modal window.
რამდენიმე წუთი და წამყვანები მაყურებლის რჩეულს გამოაცხადებენ - ღელვას მოულოდნელი შედეგი მთლიანად ცვლის.
ნენსკრასთან ერთად, ფინალში ჟიურის კიდევ ორი რჩეული ხვდება. ქორეოგრაფიული ანსამბლი არგონავტები სამეგრელოდან და თვითნასწავლი მომღერალი მარიამ ორკოშნელი.
ოქროს ღილაკის, ახლა უკვე მაყურებლის რჩეული ანსამბლი პროექტისთვის სვანეთიდან ჩამოვიდა. ახალგაზრდებით და გამოცდილი მომღერლებით დაკომპლექტებული ანსამბლის შესრულებას, მთებში განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს. უსასრულობისკენ გაშლილი ხმები, რომლებიც არასდროს გავიწყდება.
ნენსკრას რეპერტუარში 30-მდე ქართული ნაწარმოებია. ძირითადად სვანური, თან - ძველი.
ტრადიციული მუსიკის მოძიება, აღდგენა, გავრცელება ისტორიის კვალდაკვალ - ლოტბარის მთავარი საქმიანობაა. რეპეტიციებს, დისციპლინას, რომ უსაზღვრო შრომა სჭირდება გუნდის ყველა წევრს კარგად ესმის.
მისტიკური ჭუბერის მთებში ანსამბლი 2017 წელს შეიქმნა. ახლა ფიქრობენ, რომ დაწყებაზე უფრო რთული შენარჩუნება და განვითარებაა. ახალი სიმღერა უნდა ისწავლონ, უკვე ნასწავლი დახვეწონ.
14 მომღერლის და 4 მოცეკვავის შეხვედრის ადგილი უცვლელია. მთავარი სირთულე მაშინ დაიწყო, როცა მათი დიდი ნაწილი სტუდენტი გახდა, საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოვიდა და რეპეტიციები გაცდა.
სცენის მიღმა სამხედრო, მასწავლებელი, ძირითადად მოსწავლეები და სტუდენტები არიან. ამ ურთიერთობებმა დიდი ნაწილის პროფესიული მომავალი განსაზღვრა.
სვანეთში განსაკუთრებით მძიმე ზამთარია, მკაცრი, ცივი, ზოგჯერ ჩაკეტილი. ხალხს მოწყვეტილ წერტილში, დიდი ზეიმის ბუდედ ქცეულ კედლებში ქართული საგანძური ცოცხლდება.
სვანური ქორეოგრაფიისა და ფოლკლორ მოტივებზე შექმნილი სიმღერის კოლაბორაცია ფინალში დიდ სანახაობად გადაიქცევა. გამარჯვების მოლოდინში, უკვე გამარჯვებულები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ემზადებიან.
ავტორი: ანი გენებაშვილი