11 აგვისტო 2026,   01:47
ვრცლად
უარი საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე და 50 000 ლარიანი გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით - პროკურორის განმარტებით, ბადრი ჯაფარიძის საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს

აღკვეთის ღონისძიების სახით "ლელოს" ლიდერს 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მიზეზი - პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე ბადრი ჯაფარიძის უარია. ის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. პროკურორის განმარტებით საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს. მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, კომისიის ვიდეოჩანაწერები და მოწვევასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაცია.

"ლელოს" პოზიციას სრულად იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობაში" და აცხადებენ, რომ კომისიასთან არცერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა ითანამშრომლოს.

ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს გახარიას პარტია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში დაბარების შემთხვევაში, კომისიის სხდომაზე მისვლას არ გამორიცხავენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია კითხვებს გაურბის და საკუთარ დანაშაულს მალავს. "ქართული ოცნების" განმარტებით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, მისი შეუსრულებლობა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ პირები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში ფიგურირებენ, კომისიის კითხვებს თავს განზრახ არიდებენ. მისივე განმარტებით, სახელმწიფო მსგავს ფაქტებზე მომავალშიც კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

"ლელოს" ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმე პროკურატურას გადასცა. ოპოზიციონერი ლიდერი მაგისტრატი მოსამართლის წინაშეც გამოიკითხა. დღეს კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

დღის ამბები