11 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის და ქვეყნის სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. პორტისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო, საპორტო ინფრასტრუქტურა ეკონომიკური აქტივობის ცენტრს შექმნის, სადაც გეგმის მიხედვით სამრეწველო და თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნება. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  

ჩატარდა ზღვის ფსკერის სიღრმეების გაზომვა და განხორციელდა გეოლოგიური შესწავლა. სამშენებლო ტერიტორიაზე ზღვაში ჩასაწყობი ლოდების შეტანისთვის დამონტაჟდა სპეციალური სასწორები, რომლის მიხედვითაც გამოსაყენებელი მასალის აღრიცხვა და დასაწყობება ხდება.

ინერტული მასალა შემოდის მეზობელი რეგიონებიდან - იმერეთიდან, აჭარიდან, გურიიდან, დღეში 100–120 სატვირთო მანქანა. გარდა ამისა, ადგილზე მოეწყო ე.წ. იქს ბლოკების პოლიგონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტალღმტეხელისთვის საჭირო ბლოკების წარმოება თავად სამშენებლო ტერიტორიაზე მოხდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებას და სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური "იან დე ნული" ახორციელებს. ეს კომპანია სწორედ საზღვაო ინფრასტრუქტურის შექმნაზეა სპეციალიზებული. "იან დე ნულის" სახელს უკავშირდება ისეთი პროექტები, როგორიცაა - სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, პანამის არხის გაფართოების პროექტი, ახალი საზღვაო პორტი მაროკოში, ჰამბურგის პორტის დაღრმავება, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. მსგავსი სამუშაოების შესრულებისას კომპანიას მუდმივ რეჟიმში 8 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მის საკუთრებაშია ასევე ის თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც რთული საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არის საჭირო.

მოლოდინია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება და ერთმანეთთან ევროპისა და აზიის სატრანსპორტო ტვირთებს დააკავშირებს. პორტის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებისთვის, რაც საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.

ექსპერტები ამბობენ, რომ საინტერესო იქნება ანაკლიის ნავსადგური, როგორც სატრანსპორტო ჰაბი, რადგან აკვატორია შეძლებს მოემსახუროს იმ ზომის და ტევადობის სატრანსპორტო გემებს, რომელთა ოპერირება დღესდღეობით საქართველოს პორტებში ვერ ხორციელდება.

პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ნავსადგური წლიურად 600 000 კონტეინერს გაატარებს. პირველი გემები პორტში 2029 წელს უნდა შევიდეს, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამუშაოების ინტენსივობის გათვალისწინებით, სავსებით რეალურია, ნავსადგურის ფუნქციონირება დათქმულ ვადაზე ადრე დაიწყოს.

დღის ამბები