05 ივნისი 2026,   22:38
ვრცლად
ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩს დეტალური ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს მივაწოდეთ, სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში მაინც კეთდებოდა განცხადებები, რომლებიც არ იყო ზუსტი - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩს დეტალური ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს მიაწოდეს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მათი მხრიდან  არაზუსტი განცხადებები კეთდებოდა.

როგორც დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ელჩისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს მყისიერად აშშ-ის ყველა პოლიტიკოსს აქვს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა სტრუქტურებმა მიიღეს ობიექტური ინფორმაცია და საჭიროა ეს ინფორმაცია მათ პროფესიონალურად შეაფასონ.

"რა შეეხება შერჩევითი ეტაპის სტატუსს, ეს არ არის მარტივი პროცესი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან რეალისტური და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები, (ეს არის ჰოლანდიური და ინგლისური საკონსულტაციო კომპანიები), ჩვენ ამიტომ დავიწყეთ პარალელური პროცესი პორტის განვითარების და მშენებლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ ჩვენ დროში არ გვქონდეს დაგვიანება, პარალელურად ვქმნიდეთ ინფრასტრუქტურას და შევარჩიოთ პარტნიორი მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ხარისხიანად. ერთია, რომ შეარჩიო, გამოავლინო პარტნიორი და მერე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რა პირობებით იმუშავებს ეს პარტნიორი სახელმწიფოსთან ერთად. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი არის გრძელი. ჩვენ გვყავდა ფინალისტი კომპანია, კონსორციუმი, ეს არის ჩინურ-სინგაპურული. ამ კონსორციუმიდან ჩვენ მივიღეთ წინადადებები, თუმცა წინადადებებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კითხვები და დაზუსტება, რის გამოც რამდენჯერმე იყო გადადების თხოვნა, რადგან თითოეული დაზუსტების დროს კომპანიას სჭირდება დამაზუსტებელი ინფორმაციის მომზადება და წარდგენა. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი გადადებულია. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მიცემული დამატებითი ვადა. ამ დამატებით ვადაში მიიღებთ წინადადებებს და იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად შესაბამისი იქნება ეს წინადადებები იმ წინასწარ მოთხოვნებთან, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ელჩს ჯერ კიდევ გასულ წელს. სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში მაინც კეთდებოდა განცხადებები, რომლებიც არ იყო ზუსტი. ჩვენ ახლაც მივაწოდეთ ელჩს ინფორმაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ინფორმაცია მყისიერად ყველა პოლიტიკოსს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა სტრუქტურებმა მიიღეს ობიექტური ინფორმაცია და მათ ობიექტურად და პროფესიონალურად შეაფასონ ეს ინფორმაცია. ჩვენ ამის იმედი გვაქვს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები