წლების წინ დაწყებულ დავას წერტილი ინგლისის და უელსის უზენაესმა სასამართლომ დაუსვა - ბრიტანულმა მართლმსაჯულებამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები, ფალსიფიცირებულად ჩათვალა.
ვადაგასული და არსობრივად მცდარი - სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მთავარი პრეტენზიები - მუქარა, უკანონო შეთქმულება და არაკეთილსინდისიერი ხელშეწყობა, სამართლებრივად უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში გამოგონილი იყო.
ბრალდებები 7 წლის წინ "რუსთავის 2-ის" ეთერში გაჟღერდა.
ზაზა ოქუაშვილი მაშინ ამტკიცებდა, რომ მას ბიზნესების დახურვით ემუქრებოდნენ. ქართული პატენტის გარშემო წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის მოქალაქე ოქუაშვილმა ლონდონში ორი სარჩელი შეიტანა. ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ კი 7 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით ორივე სარჩელი უარყო.
მოსამართლემ, ოქუაშვილის იურისტების ჯგუფის ქმედებას, რომ საწყის ეტაპზე გაკეთებულ განცხადებებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაამჟღავნეს, "ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა. ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამის მიუხედავად, "ომეგა" ჯგუფი, დღეს გავრცელებული განცხადებით ირწმუნება, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა მოსარჩელეთა მიერ დოკუმენტების დამატებითი ჩაბარების შემდეგ ლონდონის სასამართლოში განახლდება. თუმცა გადაწყვეტილებაშივე წერია, რომ სასამართლო ინგლისსა და უელსში იურისდიქციის განხორციელებას დაუშვებლად მიიჩნევს.
"ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ დაწყებულ დავას მმართველ პარტიაში თავიდანვე ცილისმწამებლურს უწოდებდნენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საბიუჯეტო დავალიანების გამო გამოგონილი ბრალდებები არ იყო ფაქტებით დადასტურებული, იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავდა ოქუაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტულ საქმეზე სიმართლის დადგენა რთული არ ყოფილა.
ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 7 აპრილს, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.