გივი თარგამაძეს, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
"პროპორციული არ არის ეს გამოყვანილი თანხა 10 000, სულ შემოსავალი მაქვს პენსიის სახით, ყოფილი პარლამენტარის 1000 ლარი, ქონება არ მაქვს საერთოდ. ადვოკატთან შევთანხმდები საბოლოო როგორ მოვიქცევი,"- განაცხადა გივი თარგამაძემ.
აღნიშნულ საკითხზე, საქმის პროკურორმა განმარტება გააკეთა:
"მოცემულ შემთხვევაში შეირჩა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, რომელსაც მივიჩნევთ, რომ აღმოფხვრის იმ საფრთხეებს, რაც მოცემულ შემთხვევაში მომდინარეობს გიორგი თარგამაძისგან. ეს იყო ერთ შემთხვევაში, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ხოლო, მეორე შემთხვევაში მიმალვის. მიმალვაზე როდესაც ვასაბუთებთ, ბუნებრივია, ის გარემოება, რომ მას საზღვარგარეთ აქვს კავშირები ერთ-ერთი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. ეს ხარისხი, რა ხარისხითაც არსებობდა მიმალვის საფრთხე, მივიჩნევთ, რომ გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული 10 000 ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, დამატებითი ღონისძიების გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად," - აღნიშნა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.
გივი თარგამაძესთან კომისიას კითხვები ჰქონდა აგვისტოს ომზე, ის დაბარებული იყო როგორც უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.