
ყველა საკითხი და ყველა შეკითხვა ბრიფინგზე მაინც პოლიტიკას ეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს, რასაც "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ განცხადების დასაწყისშივე უწოდა სპეკულაცია.
"ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს, რჩება ქვეყანაში და რჩება იმ პარტიის რიგით მხარდამჭერად, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავადაც იყო. აპირებს თუ არა პოლიტიკაში მესამედ მოსვლას?- ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, გარდა ერთისა - გახდეს "ქართული ოცნების" ოპოზიცია.
ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში დღემდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი. პირველი ვადით 2013-2015 წლებში, მეორედ კი 2021 წელს აირჩიეს, მას შემდეგ რაც გიორგი გახარია გადადგა. მთავრობის მეთაურის პოზიციაზე 2024 წლამდე დარჩა. ორჯერ იყო მინისტრიც - ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოგვიანებით კი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა.
პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ლიდერებმა წინასწარ იცოდნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკის მიღმაც წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს მისი პრემიერ-მინისტრობის რამდენიმე პერიოდი გამოყო - რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და კოვიდ პანდემიის. თქვა, რომ ღარიბაშვილის, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიციები მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მშვიდობის შენარჩუნების და კრიზისების მართვის პროცესში.
მმართველი პარტიის ლიდერების და თავად ღარიბაშვილის განმარტების მიუხედავად, ოპოზიციას პოლიტიკიდან მისი წასვლის ოფიციალური მიზეზების არ სჯერა. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი გადაწყვეტილებას ფორმალობას უწოდებს, ნაწილი კი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია, მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა შეკითხვას მან თავადვე გასცა პასუხი.
ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გააფორმა ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულება 2014 წელს, ღარიბაშვილის ხელმოწერა აქვს კანდიდატის სტატუსსაც, რომელიც საქართველოს 2023 წელს მიენიჭა. ვინ გახდება მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე? - ეს "ქართული ოცნების" ყრილობაზე გაირკვევა, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა.