26 აპრილი, რომი, მსოფლიო პაპ ფრანცისკეს ემშვიდობება. ახალი ეპოქის დაწყებამდე კათოლიკური სამყარო პაპის არჩევის საუკუნოვანი, გასაიდუმლოებული და ტრადიციად ქცეული პროცესის მოლოდინშია.
ვიდრე ახალ პაპს აირჩევენ, ყოველდღიურ საქმეებს კარდინალების კოლეგია გაუძღვება. მათ შეზღუდული ძალაუფლება აქვთ, ამიტომ წმინდა საყდრის მართვის დიდი ნაწილი დაპაუზებულია.
სიქსტის კაპელა კონკლავისთვის ემზადება. ზუსტ თარიღს კარდინალები ადგენენ და ის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებიდან 15-20 დღეში უნდა შედგეს.
გარემო მკაცრად იზოლირებულია, არავის შეუძლია შესვლა და არც ინფორმაციის გამოტანა. პროცესი, შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.
კვამლის ფერის მოლოდინში დღეში 4 კენჭისყრა ჩატარდება. დუმილში მიღებული გადაწყვეტილება ფურცლებზე დაიწერება.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება 80 წლამდე ასაკის ყველა კარდინალს შეუძლია. ამჟამად, კოლეგია 252 კათოლიკე კარდინალს აერთიანებს, რომელთაგან ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 135 აქვს. დანარჩენებს მხოლოდ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დებატებში, თუ ვინ უნდა დაიკავოს ახალი პონტიფექსის ადგილი. თითოეულ ბიულეტენს საგულდაგულოდ დაითვლიან.
როცა კენჭისყრა საბოლოოდ დასრულდება, ახალ პაპს ჯერ თანხმობას სთხოვენ შემდეგ კითხავენ, თუ რა სახელით სურს პაპობა.
მსოფლიო შედეგებს მას შემდეგ შეიტყობს, რაც ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი ქაღალდის ბიულეტენებს სპეციალური ნივთიერებების გამოყენებით დაწვავს, თეთრი კვამლის გამოჩენის შემდეგ, პეტრას ტაძრის აივანზე ჯერ კოლეგიის დეკანი გამოჩნდება, შემდეგ - ახალი პაპი. სპეციალურ შესამოსელში შემოსილი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გავა, საიდანაც მთელ მსოფლიოს მიესალმება — როგორც რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური.
ახალი პაპის ირგვლივ შეიკვრება ისტორიის მძიმე, წმინდა ქსელი. კვამლი ფერს შეიცვლის, შავი თეთრად, გლოვა კი დიდ ზეიმად გადაიქცევა.
ვინ იქნება რომის პაპი - პროგნოზირება რთულია. ვიდრე კითხვას პასუხი საბოლოოდ გაეცემა, ვერსიები ვერსიებად რჩება. მოწყალება, თავმდაბლობა, ურყევი რწმენა და სიკეთის გავრცელებისკენ სწრაფვა - ეს ის ძირითადი თვისებებია, რომლითაც 22 კანდიდატი უკვე დასახელდა.
როგორც წესი, მომავალ პაპს კარდინალები თავიანთი რიგებიდან ირჩევენ. თეორიულად, რომის პაპის უდიდესი თანამდებობის დაკავება ყველა მამაკაცს შეუძლია, ვინც კათოლიკურ ეკლესიაშია მონათლული, თუმცა 1378 წლიდან პონტიფიკოსი მხოლოდ კარდინალთა რიგებიდან ირჩევა, კარდინალის წოდებას კი სასულიერო პირებს რომის პაპი ანიჭებს.
ისტორიის მანძილზე 266 პაპიდან 217 იტალიელი იყო. მათი საშუალო ასაკი 67 წელია.
კანდიდატებს შორის ფავორიტი კარდინალი პეტრო პაროლინია, ჩრდილოეთ იტალიიდან, რომელიც 2013 წლიდან ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებს. პოსტზე ყოფნისას ურთიერთობების აღდგენა ვიეტნამთან და ჩინეთთან სცადა. ის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელია, რომელსაც დიპლომატიური გამოცდილება და ახლო ურთიერთობა ჰქონდა პაპ ფრანცისკესთან.
ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპპი კარდინალი 2019 წელს გახდა. ერთნაისქესიანთა ქორწინების მიმართ ლიბერალური განწყობა, პატიმართა უფლებების დაცვა, სიკვდილით დასჯის გაუქმება - პროგრესული და განსხვავებული ხედვებით ის კიდევ ერთი კანდიდატია.
2023 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ მატეო ძუპპი უკრაინაში ვატიკანის მშვიდობის ელჩად დანიშნა. ამ წოდებით, ის მოსკოვს ეწვია და რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდა.
პიერბატისტა პიცაბალლა 60 წლის, იტალია. იერუსალიმის ლათინური ეკლესიის სამოციქულო მმართველი 2020 წლიდან, რომელმაც 2023 წელს ყველაზე ახალგაზრდა კარდინალის სტატუსი მიიღო. მაშინ როცა "ჰამასი" ისრაელს თავს დაესხა, პიცაბალამ ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ "ჰამასს" მისი მძევლად აყვანა შესთავაზა.
უნგრეთის არქიეპისკოპოსი პეტერ ერდო ერთ-ერთია, რომელიც რომის პაპის თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2013 წელს განიხილებოდა. მისი მკაცრი პოზიცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ ყოველთვის საჯაროა. ცნობილია, რომ კარდინალი საეკლესიო წესების ექსპერტია, საუბრობს რამდენიმე ენაზე. 2003 წელს იოანე პავლე მეორემ აკურთხა და იმ დროს ყველაზე ახალგაზრდა კარდინალად ითვლებოდა.
2013 წელს კიდევ ერთი ფავორიტი 67 წლის ლუის ანტონიო ტაგლე იყო ფილიპინებიდან, რომლისთვისაც მაშინ მთავარი ხელის შემშლელი ასაკი აღმოჩნდა. მას აზიელ ფრანცისკესაც ეძახიან. შესაძლოა, ის გახდეს პირველი რომის პაპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ტალგე კათოლიკურ წესებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და განქორწინებასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრად მიიჩნევს. ამასთან ერთად, ის აბორტის წინააღმდეგია.
პიტერ ტარკსონი პირველი კანდიდატია განიდან. მან 2023 წელს BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლოცულობს, რათა რომის პაპად არ აირჩიონ. პროგრესული ხედვების გამო, კარდინალებმა, შესაძლოა, პაპის წოდება მას მიანიჭონ.
პოტენციური მემკვიდრეების სია ვრცელი და ამოუხსნელია.
რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციას მალე კარდინალების რჩეული დაიკავებს, იქამდე კი გლოვით მოცული კათოლიკური სამყარო კონკლავის გადაწყვეტილებას დაელოდება.
ავტორი: ანი გენებაშვილი