დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმე განიხილეს. დეპუტატებმა ოთარ სურმანიძეს და მიხეილ ართმელაძეს მოუსმინეს, რომლებმაც მათი ოჯახის წევრების უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრეს.
ოთარ სურმანიძემ გაიხსენა 2006 წლის 12 იანვარს განვითარებული მოვლენები, როდესაც მისი შვილი ორ ახალგაზრდასთან ერთად კუდის სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
"მითხრეს, რომ თბილისში რაღაც შეხლა-შემოხლა მოხდა და ბიჭებმა რაღაც დააშავეს. დაჭერილები არიან და ბავშვები უნდა ვნახოთო. შენობასთან რომ მივედით, მივხვდი, რომ ეს პოლიცია არ იყო, ბავშვები დაჭერილები არ იყვნენ, ეს იყო საავადმყოფო. შევდივართ მორგში და მიხსნიან, რომ სამი ახალგაზრდა იყო და სპეცოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ. სამივე მე ამოვიცანი, გორგაძეც და ართმელაძეც მე ამოვიცანი თორემ ვინც ისინი დახოცა, აზრზე არ იყვნენ ის ორი გვამი ვინ იყო.
ახლა მკვდარს არ მატანენ. რაღაც საბუთები ყოფილა შესადგენი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბუთები გავაკეთე და წავიყვანე ეს ბავშვი. ჭიშკართან ორი პოლიციელი დამხვდა. ჩემს ეზოში არ მიშვებენ, რომ მკვდარი შევიყვანო. თურმე ტერორისტი ყოფილ ეს ბავშვი და სახლის გაჩხრეკა და "პადვალში" შესვლა უნდათ. ისე დავასაფლავე ორი პოლიციელი ჩემს ეზოს არ მოსცილებია. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა და განცხადება მინდა შევიტანო სადმე, რომ გამოიძიონ რა დააშავა, ვინ მოკლა, რომ პასუხი ვაგო ან ბოდიში მოვუხადო, ჩემი ბავშვის ხელიდან გასროლილ ტყვიას ვინ ემსხვერპლა. საღამოს გამოვდივარ, რომ მატარებელს გამოვყვე თბილისში და პოლიციაში განცხადება შევიტანო. ტელეფონზე შემოდის დაფარული ნომრისგან ზარი და მეუბნება - "დაბრუნდი უკან თუ გინდა დანარჩენი შვილები ცოცხალი გყავდეს". ასეთი რამე 7-ჯერ გადამხდა. ბოლოს, ღმერთმა სიკეთე მისცეს, მანანა კობახიძესთან მოვხვდი როგორღაც და იმან მითხრა, რომ ჩემი ჩამოსვლა არ იყო საჭირო და მისი დახმარებით სტრასბურგს გადაეცა საქმე. გაამართლეს ეს უდანაშაულო ბავშვები, თორემ დღესაც ტერორისტების სახელით იქნებოდნენ მიწაში. 2013 წლამდე, სანამ ეს მთავრობა მოვიდოდა, მანამდე შიშით ვცხოვრობდით და თურქეთიდან თავს არ ვყოფდით. მთავრობის შეცვლის შემდეგ გადმოვედით საქართველოში", - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.
ცნობისთის, გამოძიება 2014 წელს ჩატარდა და სამივე ინსტანციის სასამართლომ კუდის მაშინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის, დათა ახალაია დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.