10 აგვისტო 2026,   07:52
ვრცლად
L’Impératrice - პარიზული რეტრო-ფუტურიზმი თბილისში

ფრანგული დისკო-პოპის სენსაცია, L’Impératrice საქართველოს 6 სექტემბერს ეწვევა და შოუს თბილისში, District 4-ის სცენაზე გამართავს.

L’Impératrice ფრანგული ბენდია, რომელიც პარიზში 2012 წელს შეიქმნა. განსხვავებულმა ჟღერადობამ და გამორჩეულმა ვიზუალურმა სტილისტიკამ მალე მიიქცია მელომანების ყურადღება და ბენდს ისეთი დიდი საფესტივალო სცენებისკენ გაუკვალა გზა, როგორებიცაა Coachella, Primavera Sound და Outside Lands.

ბოლო ათწლეულის მანძილზე L’Impératrice-მა სამი ალბომი და არაერთი ჰიტი გამოსცა. “Vanille fraise”, “Peur des filles” და “Agitations tropicales”, ბენდის ის კომპოზიციებია, რომლებიც დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2024 წელს L’Impératrice ახალი ვოკალისტით და ალბომით გამოჩნდა სცენაზე. Pulsar ავთენტური, სრულად ბენდის მიერ პროდიუსირებული ალბომია, რომელიც ფანკს, დისკოსა და დიფ ჰაუსს აერთიანებს. ამ მიქსით შეიქმნა ახალი ჟღერადობა, რომელიც ბენდის ჩვეული შემოქმედებისგან განსხვავებულია.

სწორედ ამ ალბომის ფარგლებში გამართული ტურით ეწვევა L’Impératrice თბილისს. ასე რომ დაელოდეთ ახალი ჟღერადობით, ენერგიითა და განსაკუთრებული მუსიკალური გამოცდილებით სავსე შოუს, 6 სექტემბერს District 4-ში. სივრცეში, რომელიც გამორჩეულია თავისი ინდუსტრიული ხასიათით და ხმაურიანი ღამის ცხოვრებით. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო TKT.ge-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორია Music Cookz - ახალი ქართული კომუნა, რომელიც შთამბეჭდავი მუსიკალური ღონისძიებების სერიას ქმნის. L’imperatrice’ს ლაივი კი ამ სერიის პირველი შოუა.

დღის ამბები