08 ივლისი 2025,   06:40
ვრცლად
ისრაელის საჰაერო თავდასხმა ირანის გენერალურ შტაბზე და ბირთვულ ობიექტებზე - ირანი საპასუხო დარტყმისთვის ემზადება

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ცენტრი განადგურებულია. ნათანზში მდებარე ყველაზე დაცულ ობიექტზე, წლების განმავლობაში ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა. დაზიანებულია მიწისქვეშა მრავალსართულიანი კომპლექსი, სადაც ატომური პროგრამის ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული.

თაბრიზის ბირთვული კვლევის ცენტრი, ფარჩინის სამხედრო ბაზა, ხორამაბადის სარაკეტო დანადგარების განლაგების ცენტრი, "ისლამური რევოლუციის გვარდიის" შტაბი, ბალისტიკური რაკეტების საწყობები, აეროდრომები და საჰაერო თავდაცვის კომპლექსები - ისრაელის ავიაციის დარტყმის შემდეგ ირანის ბირთვული ობიექტები იწვის.

"ცახალის" 200-მა გამანადგურებელმა, ირანის ტერიტორიაზე მდებარე 100 სამიზნე დაბომბა. აფეთქებულია ბირთვული ობიექტები, სამხედრო და სამოქალაქო სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ისრაელის განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული შესაძლებლობების განადგურებაა.

ისრაელის გამანადგურებლების პილოტების წერტილოვან დარტყმებს, ვერც ირანის სამხედრო ელიტა გადაურჩა. ლიკვიდირებულია 3 საკვანძო მეთაური. ჰოსეინ სალამი– "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მთავარსარდალი. მოჰამად ბაღერი ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. ამირ ალი ჰაჯიზადე საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური და ღოლამალი რაშიდი, საგანგებო სარდლობის შტაბის მეთაური. მათ გარდა, "როიტერის" ცნობით, იერიშებს კიდევ 20 სამხედრო მეთაური ემსხვერპლა. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დარტყმებს 78 ადამიანი შეეწირა. დაშავდა 329.

თეირანისთვის თელ-ავივის დარტყმა ომის გამოცხადებას ნიშნავს - ეს განცხადება უკვე გამოაქვეყნა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რესპუბლიკის ქალაქებსა და დასახლებებში ისრაელზე შურისძიების მოთხოვნით, ქუჩაში 100 ათასობით მოქალაქეა გამოსული. რელიგიურ ცენტრში, ქალაქ ყუმის მეჩეთზე უკვე აღმართეს წითელი დროშა, რაც თავდასხმისთვის მზადების სიმბოლოა.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს - განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. მან გუშინ ღამით განხორციელებულ დარტყმებს "ძალიან წარმატებული“ უწოდა. ეს კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "სი ენ ენ-თან" სატელეფონო საუბრისას გააკეთა. პარალელურად, ტრამპი "თრუს სოუშალის" ოფიციალურ გვერდზე ირანს ბირთვული გარიგების დადებას სთავაზობს.

"კურიერი" დაუკავშირდა ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და პირადად მათგან მოისმინა რა ვითარებაა ახლა ქვეყანაში.

რეგიონში მიმდინარე ესკალაციის ფონზე, ირანში და ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დახურულია ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების საჰაერო სივრცე. საელჩოები საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ აფრთხილებენ, ისრაელის ჯანდაცვის სისტემა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, მოეწყო სამედიცინო ობიექტები მიწისქვეშა თავშესაფრებშიც. ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი საელჩოების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

დღის ამბები