
დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე, გიორგი ვაშაძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 20 ივნისს გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა ჩვენება მისცა. მომდევნო სხდომაზე დასკვნით სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. ვაშაძეს ბრალი 349-ე მუხლით აქვს წაყენებული. მას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რის გარანტიადაც მან უძრავი ქონება ჩადო.
"ჩემი უფლებაა, რომ როდესაც გარკვეული პროცედურა იწყება, იმ პროცედურას აქვს თავისი წესები და სტანდარტები და იმ პროცედურის მიხედვით ვიმოქმედო. ჩემთან მიმართებაში, მე არანაირი უწყებაც კი არ ჩამბარებია, ფორმალური ნაწილიც კი არ არის შესრულებული, ვიღაცამ სმს გამომიგზავნა, ვიღაცამ ვიღაცას გაუგზავნა - მე ეს არ მაინტერესებს.
პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით შექმნილი სისტემა, აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, მე საერთოდ არ მაქვს მოლოდინი, რომ სამართლიანი სასამართლო იქნება. ეს საქმე საერთოდ არ უნდა იხილებოდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საკითხზე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა.
"გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს ბრალდების მხარეს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა. თუ რა იქნება სასამართლოსთვის ეს სასჯელი, იქნება მკაცრი თუ არა, ეს გადაწყვიტოს სასამართლო", - განაცხადა პროკურორმა.