შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი - არალეგალური შრომითი მიგრაციის აღმოფხვრა და ადგილობრივი შრომითი ბაზრის დაცვაა. დღესვე, სესიაზე კანონმდებლები განიხილავენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგაა მიმართული. მსჯელობა გაიმართება საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც.
"საქართველოში დასაქმება შეეძლება მხოლოდ იმ უცხოელს, რომელიც შესაბამის პროცედურებს გაივლის. ეს არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც შრომით ბაზარზე შევინარჩუნოთ ჯანსაღი სიტუაცია, იყოს, ერთი მხრივ, კონკურენტუნარიანი პირობები, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ აბსოლუტურად უზრუნველყოფილები იმ თვალსაზრისით, რომ ვინმემ არაკანონიერი გზებით არ მოახდინოს მათი ფუნდამენტური უფლებების შელახვა," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი.