ჟურნალისტი საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში გამომძიებელს 6 წლის წინ პარლამენტთან მომხდარის დეტალებს უყვება. ლიკა ალელიშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 20 ივნისს დაზიანდა. ჟურნალისტს ტყვია ფეხში მოხვდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსთაველის 8 ნომერთან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა დღეს კიდევ 2-მა ადამიანმა მიიღო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დავალებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის
უცვლელი ადგილი უკვე მესამე კვირაა საკანონმდებლო ორგანოა. გასული წლის 7 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ 20 ივნისს სახელმწიფოს რეაგირება იყო ლეგიტიმური, სტრასბურგის სასამართლოს ახლა აინტერესებს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება.
საგამოძიებო ექსპერიმენტების მიღმა, პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ გიორგი გახარიას გუნდში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პარტიაში ამტკიცებენ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების მიზანი, რეალური სურათის აღდგენა, არ არის.
ქვეყნიდან წასვლამდე, გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით შეკითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უპასუხა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ექსპრემიერის პასუხებმა დამატებით კითხვები გააჩინა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გახარიას გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება. ექსპერტების შეკითხვებს უკვე 14-მა დაზარალებულმა უპასუხა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.