11 აგვისტო 2026,   07:14
ვრცლად
რას ითვალისწინებს თბილისის მერიის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა - მეწარმეთა განცხადებების მიღება მომდევნო 15 დღის მანძილზე გაგრძელდება

მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, თბილისი მერიისგან ბიზნესის განვითარებისთვის დაფინანსებას მიიღებენ.

დღეიდან 15 დღის განმავლობაში, მეწარმეებს, რომლებსაც სურთ ტექნიკური გადაიარაღება, წარმოების პროცესის გაუმჯობესება ან დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა შეუძლიათ მერიის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამაში ჩაერთონ. საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 20 000 ლარით არის განსაზღვრული.

ზურა თაყაიშვილი ერთ-ერთია იმ მეწარმეებიდან, რომელიც მერიის დაფინანსების პროგრამაში ჩაერთო. ამბობს, რომ სიახლე მის საქმიანობას უფრო განავითარებს და საჭირო დანადგარების შეძენაში დაეხმარება.

დაფინანსება იმ მეწარმეებს შეეხებათ, რომლებსაც საქმიანობის მინიმუმ ორწლიანი სტაჟი აქვთ. აუცილებელი პირობაა, რომ მათი შემოსავალი წელიწადში ნახევარ მილიონ ლარს არ აღემატებოდეს. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 20 000 ლარითაა განსაზღვრული. 5000 ლარამდე მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის 90%-ს მერია დაფარავს.

სიახლის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძე აქცენტს ბიზნესის მხარდაჭერაზე აკეთებს და განმარტავს, რომ პროგრამა მეწარმეთა საქმიანობას გააუმჯობესებს.

მეწარმეთა განცხადებების მიღება დღეს დაიწყო და მომდევნო 15 დღის მანძილზე გაგრძელდება. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები