სახელისუფლებო გუნდი, აღიარებად "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის განცხადებას მიიჩნევს, სადაც ლევან ნატროშვილი ადასტურებს, რომ ორგანიზაციამ საპროტესტო აქციისთვის აირწინაღები ნამდვილად შეიძინა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, უცხოელი დონორებისგან მიღებულ დიდ ფინანსურ რესურსს ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებდა.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, განცხადება სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა და თავად დაადასტურა, რომ ორგანიზაციამ საპროტესტო აქციების დროს, საკუთარი თანამშრომლებისთვის ოცდაათამდე აირწინაღი და დამცავი სათვალე შეიძინა. ამის მიუხედავად, 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთო განცხადებაში ირწმუნება, რომ ანგარიშები მათ კოლეგებს უსაფუძვლოდ და მტკიცებულებების გარეშე დაუყადაღეს.
ასე ფიქრობენ ცალკეული ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებიც. ჯინ შაჰინი, ჯო უილსონი და რასა იუკნევიჩიანე, სოციალურ ქსელში წერენ, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა, რეპრესიულია.
რამდენიმე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებას იზიარებენ ქართული ოპოზიციური პარტიებიც. გამოძიების ინფორმაციის მიუხედავად, რომ 7 ორგანიზაცია 2024 წლის აქციებზე, დემონსტრანტებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა და დიდ ფულს ხარჯავდა საპროტესტო ინვენტარზე, ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ენჯეოების მიზანი ძალადობის წახალისება არ იყო.
ვინ მონაწილეობდა შესაძლო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში?- "ქართული ოცნება" გამოძიების შედეგს ელოდება და ამბობს, რომ საბოლოო დასკვნამდე, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მათი უცხოელი პარტნიორებიც ვეღარ მალავენ, რომ მათი საერთო მიზანი, საპროტესტო მუხტის გაღვივება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდს", "სამართლიან არჩევნებს", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს", "დემოკრატიის მცველებს", "დემოკრატიულ ინიციატივას", "საფარსა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრს" საბანკო ანგარიშები პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე გუშინ დაუყადაღა. საუბარია საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, რომელზეც საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.