11 აგვისტო 2026,   07:00
ვრცლად
ვაშინგტონის არბიტრაჟში წაგებული თანხა უკვე საქართველოს ბიუჯეტშია - ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნეს პარტნიორმა დაკისრებული ვალდებულება აღასრულა

ვაშინგტონის არბიტრაჟში წაგებული თანხა უკვე საქართველოს ბიუჯეტშია. 6 მილიონ 500 ათასზე მეტი დოლარის ჩარიცხვით, ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნეს პარტნიორმა, ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაა აღასრულა. საერთაშორისო ბიზნეს დავების სასამართლოში, ბობ მეიერი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩიოდა, მაგრამ საქმე წააგო. სამართლებრივად მომჩივანს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით, "ლელოს" ლიდერების ჰოლანდიელმა პარტნიორმა დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ ბიზნეს პარტნიორებს სახელმწიფოსგან ხელი არ შეშლიათ.

ბობ მეიერის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში დღეს დუმილი არჩიეს. "ლელოს" ნაცვლად, განმარტებების გაკეთება მათ ახალ პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწიათ. გახარიას გუნდში არ დაუმალავთ, რომ საერთაშორისო დავის დაწყების დროსაც დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმე საბოლოოდ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდებოდა.

ვაშინგტონის არბიტრაჟის გარდა, ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნეს პარტნიორებს ანაკლიის პორტის საქმესთან დაკავშირებით დავა პარიზის საარბიტრაჟოშიც წაგებული აქვთ. 20 მილიონ ლარზე მეტი საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდაა გადახდილი, თუმცა გაცილებით მეტია ის ხარჯი, რაც სახელმწიფომ ამ დავების იურიდიული მომსახურებისთვის გადაიხადა. ის 63 მილიონ ლარს აღემატება.

ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. პროექტის დაფინანსების ვალდებულება ინვესტორს ეკისრებოდა, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა კი კანონიერი იყო. დავის ფარგლებში, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი თავად ითხოვდა 64 მილიონი დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას დააკისრა საქართველოს სასარგებლოდ 6,5 მილიონი დოლარის გადახდა.

დღის ამბები