04 ივნისი 2026,   05:41
ვრცლად
მოვა ეს 4 ოქტომბერი, ისევე როგორც მათი დაანონსებული სხვა თარიღები მოვიდა და მშვიდად გადაიარა, ასევე გააგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას 4 ოქტომბრის შემდეგ - ლევან მახაშვილი

ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული ღია მოწოდებები გრძელდება - ხაბეიშვილის შემდეგ, განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები აკეთებენ. ანა წითლიძემ ვარდების რევოლუცია ახსენა და მოქალაქეებს მოუწოდა მოემზადონ 4 ოქტომბრისთვის. ამ თარიღს რევოლუციის დღედ ასახელებს სოციალურ ქსელში მურთაზ ზოდელავაც. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არავის მიეცემა უფლება ქვეყანაში არეულობა მოაწყოს. ლევან მახაშვილის თქმით, არჩევნების თარიღი მოვა და მშვიდად ჩაივლის.

"იქნება მცდელობა და ჩვენ გვესმის ამისი პირდაპირი ხმამაღალი მოწოდებები. პირდაპირ წასვლა სისხლის სამართლის დანაშაულში, მოწოდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა. როგორც ხდება ხოლმე - რაღაცას დააანონსებენ, მუხტს აწევენ და შემდეგ გაეცლებიან, დაიმალებიან და ჩვეულებრივ მოსახლეობას შეატოვებენ ხოლმე დაპირისპირებულ კერას, ადგილს. ალბათ იგივე სცენარს ვიხილავთ დღეს. "ნაციონალური მოძრაობისთვის" რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი, არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ეს ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ, ამიტომ, აქ პროგნოზების გაკეთება ძალიან მარტივია ყველასთვის. ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არაერთხელ გვითქვამს, ემზადებიან პირიქით, არჩევნების ჩასაშლელად.

თუმცა კიდევ ერთხელ - მოვა ეს 4 ოქტომბერი, ისევე როგორც სხვა თარიღები მათი დაანონსებული მოვიდა და მშვიდად გადაიარა, ასევე გააგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას 4 ოქტომბრის შემდეგ", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

დღის ამბები