პოლონეთმა დაადასტურა, რომ ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსეთმა უპრეცედენტოდ დაარღვია, ჩამოგდებულია რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. პოლონეთში მიმდინარე ვითარების შესახებ ინფორმირებულია ნატო-ს გენერალური მდივანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავამ პოლონეთის და ნატო-ს თვითმფრინავები განალაგა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში ობიექტების ნეიტრალიზაციის მიზნით ოპერაცია დასრულებულია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოს მოუწია თავის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება.
დონალდ ტუსკი ამბობს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსული დრონების დიდმა რაოდენობამ დაარღვია.
"ღამით, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია რუსული დრონების დიდმა რაოდენობამ. ეს დრონები, რომლებიც წარმოადგენდნენ პირდაპირ საფრთხეს, განადგურებულია. საშიშროება აღმოიფხვრა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ფართომასშტაბიან პროვოკაციასთან, ჩვენ მუდმივ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს მოკავშირეებთან. კავშირზე ვარ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, რათა უახლოეს საათებში, დღეებში და შემდგომ მომავალშიც ისევე ეფექტურად ვიმოქმედოთ, როგორც ამ ღამით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია. ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ მსგავს პროვოკაციებსა და თავდასხმებს. ჩვენ კარგად ვართ მომზადებულები, თუმცა სიტუაცია სერიოზულია და დღეს უკვე არავის შეიძლება ეჭვი ჰქონდეს, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად." - აცხადებს დონალდ ტუსკი.
მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, რუსეთის ფედერაცია განცხადებას არ აკეთებს.