პოლონეთმა დაადასტურა, რომ ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსეთმა უპრეცედენტოდ დაარღვია, ჩამოგდებულია 19 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. პოლონეთში მიმდინარე ვითარების შესახებ ინფორმირებულია ნატო-ს გენერალური მდივანი.
საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ქვეყანაში ტერიტორიული თავდაცვის ძალები საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთის ტერიტორიაზე დრონების შეჭრას თავდასხმად არ მიიჩნევს.
პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირმა. ვარშავაში რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მედიას განუცხადა, რომ პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რუსული წარმომავლობის მტკიცებულება არ წარმოადგინა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპა პოლონეთის გვერდით დგას.
"ათზე მეტი რუსული "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის წინდაუხედავი, უპრეცედენტო დარღვევა ვნახეთ. პუტინის გზავნილი ნათელია და ჩვენი პასუხიც ნათელი უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება მეტი ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს. ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები,"- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.