განათლების მინისტრმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა იმ შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან.
მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, დასკვნითი ნაწილი კი 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში, 63-ვე მუნიციპალიტეტში და თბილისის ათივე რაიონში, ჩატარდება ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებული იქნება ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივი ხელისუფლების და რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილი პედაგოგების გამოვლენასთან, მათ დაჯილდოებასთან. ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ პატივისცემის, იმ განსაკუთრებული მიდგომის, რაც გვაკავშირებს ჩვენს პედაგოგებთან, რომლებიც უდიდეს საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ზრდიან ამ ქვეყნისთვის ღირსეულ თაობებს," - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე.