11 აგვისტო 2026,   10:44
ვრცლად
ჩემპიონობისკენ თუ მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ საუკეთესოებს უნდა ებრძოლო და მათ მოუგო... ვიცი, რა ეტაპები უნდა გავიარო და რა გზას გავდივარ ახლა, ამიტომაც, მშვიდად ვარ, მომწონს და მიხარია - ლაშა გურული

"პროფესიონალურ კრივში რაც გადავედი, ბევრად გავძლიერდი ფიზიკურად, ასევე, ფსიქოლოგიურად ძალიან გავიზარდე. დავიჯერე და დავინახე ის, რომ თითოეული ადამიანი განსაკუთრებულია და თუ სხვები გახდენენ ჩემპიონები, მე რატომ არ შემიძლია?!" - ამის შესახებ ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა "შუა დღის" ეთერში ლაშა დვალიშვილის სპორტულ რუბრიკაში სტუმრობისას განაცხადა.

ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში მის პირველ ნაბიჯებზე, საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა.

"პროფესიონალურ კრივში ყველაზე მნიშვნელოვანი არის გუნდი, რომ დაგიხაზონ შენი კარიერა, ასე ვთქვათ, "შეგქმნან." იმისთვის, რომ ასეთი გუნდი გყავდეს, პირველ რიგში, შენში უნდა დაინახონ პოტენციალი, მეორე რიგში კი, შენი შედეგები და ისტორია. ჩემს გუნდში ძალიან კარგი ხალხი არიან და გამიმართლა, რომ ამ ადამიანების გუნდში მოვხვდი.

როცა სპორტსმენი ხარ, შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ გახდე ჩემპიონი და საუკეთესოებთან ითანამშრომლო და ამისთვის შენც უნდა იყო საუკეთესო. ჩემპიონობისკენ თუ მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ საუკეთესოებს უნდა ებრძოლო და მათ მოუგო. ჩემი განწყობა და ხედვა ასეთი იყო, ეს ჩემთვის კომფორტი არის, რადგან, როდესაც ვემზადები 8 კვირით ადრე მივდივარ ბანაკში და პერიოდის განმავლობაში ყველაფერი არის მორგებული ჩემზე. ხარ მათი მთავარი ვარსკვლავი, ყველა შენზე მუშაობს, გყავს შესაფერისი სპარინგ პარტნიორები და ა.შ.

ბავშვობიდან სოციალურ ქსელების საშუალებით შემეძლო, რომ მენახა ის მოკრივეები, რომლებმაც ასე დაიწყეს პროფესიონალური კარიერა და შემდეგ ჩემპიონები გახდნენ დავინახე მათი განვლილი გზა, ვიცი, რა ეტაპები უნდა გავიარო და რა გზას გავდივარ ახლა, ამიტომაც, მშვიდად ვარ, მომწონს და მიხარია," - აღნიშნა ლაშა გურულმა.

 

დღის ამბები