05 ივნისი 2026,   08:23
ვრცლად
მთავრობის გეგმები უმაღლესი განათლების რეფორმაზე მკაცრდება – კონცეფცია წლის ბოლომდე დამტკიცდება

უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წლის ბოლომდე დამტკიცდება, რის შემდეგაც დაიწყება მისი განხორციელების პირველი ეტაპი. გეგმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა შესრულდეს, 7 ამოცანა კი 4 წელიწადში. განათლების სამინისტროს ცვლილებათა შესაბამისი პაკეტი უკვე მზად აქვს. თუმცა საკანონმდებლოსთან ერთად საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯებიც - მათ შორის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპის დასანერგად..

რეფორმის ფარგლებში, ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს ხარისხის მართვის სისტემა, სტუდენტების დაფინანსების არსებული საგრანტო მოდელი და საკადრო პოლიტიკა - სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება 10 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს, შეიქმნას ახალი სახელმძღვანელოები ყველა ძირითად საგანში.

სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე , არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა ჩამოყალიბდეს 3+1+1 სისტემა.

სპეციალისტებს მოსწონთ, ოპოზიცია კი მაინც აკრიტიკებს.. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც რეფორმის შესახებ პარლამენტში გუშინ პრემიერ-მინისტრის დეტალურ მოხსენებასაც უსმენდნენ, დღეს აცხადებენ, რომ მათი ვალდებულება კითხვების დასმა იყო და არა არგუმენტების წარდგენა.

უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა - "ქართული ოცნების" ინიციატივით. უპასუხა ყველა შეკითხვას, რომელიც მათ შორის ოპონენტების მხრიდან ისმოდა. პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად დაასახელა.

უმაღლესი განათლების პარალელურად მთავრობა ზოგადი განათლების რეფორმაზე მუშაობს, რომლის ნაწილიც 12 წლიანის ნაცვლად 11 წლიანი სასკოლო პროგრამის შემოღებაა. ეს ვალდებულება არ ექნებათ კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებში კი შეიქმნება სპეც კლასები იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი ექნებათ.

დღის ამბები