04 აგვისტო 2026,   05:36
ვრცლად
"ყველა ჩვენება ადასტურებს, რომ შესყიდვა მიდიოდა ისე, როგორც კანონით არის გაწერილი" - ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა სამი მოწმე. ერთ-ერთი მათგანი ბიზნესმენი დავით დავითაშვილი იყო, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი მიჰყიდა.

დაიკითხნენ, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ივანე არჯევნიშვილი და გორის ჰოსპიტლის დირექტორი, შალვა მაღლაკელიძე.

"დღეს, რომელი მოწმეებიც დაიკითხნენ, ერთი იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა პროცედურა წარიმართა კანონის შესაბამისად; მეორე დაიკითხა საავადმყოფოს დირექტორი, რომელმაც განაცხადა, რომ თვითონ თავისი ინიციატივით დაიწყო ეს პროცედურა და მას ყველაფერი გადაეგზავნა; მესამე იყო უშუალოდ ის, ვინც მოახდინა ამის შესყიდვა, რომელსაც ჰქონდა საიდუმლო შესყიდვაზე დაშვება. ყველა ჩვენება ადასტურებს იმას, რომ შესყიდვა მიდიოდა ისე, როგორც არის ეს კანონით გაწერილი", - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება, ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ პირებს - ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას - დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას, ვასილ მხეიძეს კი - გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან.

დღის ამბები