14 ივნისი 2026,   17:52
ვრცლად
"ნებისმიერი აქტი, თუნდაც ჰუმანური, რომელიც თავისი არსით არის კეთილშობილური, უნდათ გასვარონ და დააკნინონ" - თენგიზ შარმანაშვილი

ოპოზიციის პიარისა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი პატიმრების ოჯახის წევრების მოლოდინს შეწყალებასთან დაკავშირებით.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გარკვეული ძალების დავალებით ოჯახის წევრებს ხელოვნურად შეუქმნეს მსჯავრდებულების შეწყალების ყალბი მოლოდინი, რასაც შემდეგში საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ოპონენტები ცდილობენ, ნებისმიერი აქტი, თუნდაც ჰუმანური, დააკნინონ. 

"პატიმრების მშობლებზე ასეთი ბინძური ზემოქმედება სჭირდებოდათ აქაურ რადიკალებს და მათ პატრონებს. იმიტომ, რომ ნებისმიერი აქტი, თუნდაც ჰუმანური, რომელიც თავისი არსით არის კეთილშობილური, უნდათ გასვარონ და დააკნინონ. მათი ამოცანაა, რომ არცერთი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს, თუნდაც ამ საკითხში, თუნდაც ეკონომიკის საკითხში, ნებისმიერ სხვა საკითხში, თუნდაც ინვესტიციების საკითხში, უნდა გააშავონ. ამაზე დგამენ ნებისმიერ ბინძურ ნაბიჯს. მათ შორის, პროვოცირებას უწევენ მშობლებს, უქმნიან ყალბ მოლოდინებს და უნდათ, რომ ეს აქტი გააშავონ. ეს მეორე კარიკატურული საკითხია, რომ სალომე ზურაბიშვილს თვლიან პრეზიდენტად, მაშინ როდესაც ლამის წელიწადში სამჯერ ხან ახალ წელს ულოცავენ, ხან ინაუგურაციას ულოცავენ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და პრეზიდენტი. მაშინ, როდესაც გაერის ტრიბუნიდან მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა როგორც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, მთელს მსოფლიოს მიმართა და გაუგზავნა ქართული სახელმწიფოს გზავნილები. ბოლოს და ბოლოს, ამასაც არ მიაქცევდა მიხეილ ყაველაშვილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისინი რადიკალური მოქმედებების გაგრძელებაზე საუბრობენ. როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ, კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამენ," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები