95 კატეგორია, ისტორიული გამოსვლა, სიმბოლური გამარჯვებები და პოლიტიკური გზავნილები - ლოს-ანჯელესში მდებარე კრიპტოარენა მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების, კომპოზიტორებისა და პროდიუსერების თავშეყრის ადგილად კიდევ ერთხელ იქცა.
სტუმრების ნაწილი გულსაბნევს ატარებდა, რომელიც ქვეყანაში ანტისაიმიგრაციო რეიდების შეჩერებას ითხოვდა. გამარჯვებულების უმეტესობამ საკუთარ გამოსვლებში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.
დაჯილდოების დაწყებიდან სულ რაღაც ნახევარ საათში მუსიკალური ისტორია დაიწერა.
კენდრიკ ლამარი ყველა დროის ყველაზე მეტი გრემის მფლობელი რეპერი გახდა.
ლამარმა Jay-Z-ს რეკორდი მოხსნა. თუ აქამდე Jay-Z 25 გრემის მფლობელი იყო, საღამოს ბოლოს კენდრიკ ლამარის ანგარიშზე 27 ჯილდო აღმოჩნდა. რეპერმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის "Luther" და საუკეთესო რეპ ალბომისთვის "GNX".
წლის ჩანაწერის ტიტული "Luther"-ისთვის კენდრიკ ლამართან ერთად SZA-მაც მიიღო.
სცენაზე გამოსვლისას მან მაყურებელს მოუწოდა, არ დაეკარგათ იმედი, მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური კლიმატისა.
საღამოს კიდევ ერთი ტრიუმფატორი ბად ბანი გახდა.
გრემის არსებობის 68 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლათინოამერიკელმა არტისტმა წლის ალბომის კატეგორიაში გამარჯვება ესპანურენოვანი ალბომით მოიპოვა.
მუსიკოსს ჯილდო კეროლ ჯიმ და Saturday Night Live-ის მსახიობმა მარსელო ერნანდესმა გადასცეს. ემოციურ გამოსვლაში ბანიმ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურიც გააკრიტიკა.
წლის სიმღერის კატეგორიაში ბილი აილიშმა ნამუშევრით "WILDFLOWER" გაიმარჯვა. პოლიტიკაში აქტიურად ჩართულმა არტისტმა სცენაც პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენა და თქვა, რომ "მოპარულ მიწაზე ემიგრანტი არალეგალი ვერასდროს იქნება".
საუკეთესო ახალი არტისტი ოლივია დინი გახდა. 26 წლის ბრიტანელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ ვერც კი წარმოედგინა, ოდესმე გრემის სცენაზე თუ აღმოჩნდებოდა.
დაჯილდოების ერთ-ერთი მთავარი ნომინანტი ლედი გაგა იყო. არტისტმა გრემის ჯილდო საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიაში მოიპოვა. საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსისთვის კი ჯილდო ლოლა იანგს გადაეცა.
წლევანდელი გრემი პერფორმანსებითაც გამოირჩეოდა. საღამოზე როზემ და ბრუნო მარსმა გასული წლის ჰიტი შეასრულეს.
გამორჩეული იყო ლედი გაგას პერფორმანსიც - არტისტმა მაყურებელს გოთიკური სანახაობა შესთავაზა.
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, გრემის სცენაზე ჯასტინ ბიბერის გამოჩენა ღონისძიების ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.
ოზი ოსბორნი, დი ანჯელო და რობერტა ფლეკი - გრემის წლევანდელ დაჯილდოებაზე ლეგენდარული არტისტები გაიხსენეს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი