შეხვედრა განათლების სამინისტროში გვიან ღამით დასრულდა. განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე რექტორებსა და ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა მათი პოზიციები მოისმინა და შესთავაზა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩამოყალიბდეს დროებითი საბჭო, ანუ მმართველი ორგანო, რომელიც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
ასევე, რეორგანიზაციის პერიოდად არა რამდენიმე თვე, არამედ თუნდაც ორ-ორწელიწადნახევარი დაასახელა. გივი მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ამ საკითხებზე იმსჯელებს.
მედიასთან შეფასებები გააკეთეს უნივერსიტეტების რექტორებმაც.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია: "შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი მხრიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან - ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ერთი რამ, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ შევჯერდით, არის ის, რომ აღნიშნული დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია."
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე: "ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს, როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება."