კონკრეტულად რა სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაბარებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში - "კურიერთან" ინტერვიუში ლევან დავითაშვილმა მედიის ინტერპრეტაცია უწოდა საკუთარ განცხადებას, რომ მისი გამოკითხვა ევროკავშირის გაზმომარაგებას ეხებოდა.
დღეს, ლევან დავითაშვილმა "კურიერთან" კონკრეტულად განაცხადა და დაადასტურა, რომ გამოკითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით ქვეყნისთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, ყოფილი ვიცეპრემიერი სუს-ში დაბარებული იყო გამოკითხვაზე და არა შეხვედრაზე.
"აბსოლუტურად არაზუსტად იყო ინტერპრეტირებული ჩემი ნათქვამი ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ და, მათ შორის, ჰედლაინებად გამოტანილი. რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი იმ თემებზე, რომელზეც მედია აპელირებდა, არ ყოფილა, საუბარი იყო მხოლოდ საქართველოს ენერგოუზრუნველყოფაზე, იმ ხელშეკრულებებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზმომარაგების კუთხით, ამ ხელშეკრულებების სისწორეზე, მათი გაგრძელების პერსპექტივასა და საქართველოს ენერგო უზრუნველყოფაზე. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მხოლოდ ეს იყო საკითხი და მართლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავდექი ყველა იმ ადამიანთან, ვისთანაც მქონდა გამოკითხვაზე საუბარი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.