დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადება - ამ შედეგით დასრულდა ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას პირველი სასამართლო პროცესი ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე წაყენებული ბრალის შემდეგ. ადვოკატი მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
საქმის მასალებში კი, პროკურორის ინფორმაციით, არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის ვიდეოჩანაწერები. სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებული გურამ და დავით კაკულიები, რომლებმაც თქვეს, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
დავით კაკულიას ჯერ სხდომათა დარბაზში, შემდეგ კი მედიის საშუალებით უპასუხა სახელმწიფო ბრალდებამ. გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება ძმები კაკულიებისთვის მედიას არ დაუბრალებია და მტკიცებულებები პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მოიპოვა.
პროკურორი იმ ვიდეომტკიცებულებებზეც საუბრობს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გუშინ გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ უშედეგოდ, 2021 წელს, სომხეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთას დავით და გურამ კაკულიები, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია და გიორგი კავილაძე. პროკურატურის ინფორმაციით, მოგვიანებით, კაკულიებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ოჯახის კუთვნილ სახლში კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდნენ, სადაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობას აორგანიზებდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 15 სექტემბერს სწორედ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას სახლიდან გამოვიდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შემსრულებლები - ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, გაემართნენ კვარაცხელიას სახლისკენ, ჩასაფრება მოუწყვეს და აედევნენ. შემხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკოლოზ კვარაცხელიას არაერთხელ ესროლა.
ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მსჯავრდებულები არიან და მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი აქვთ. ძმებ კაკულიებს და ბუსა ჟვანიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. წინასასამართლო სხდომა კი 8 აპრილს ჩაინიშნა.
22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.